Thursday, November 27, 2014

რას გულისხმობს ფასების სტაბილურობა და როგორ აღწევს ეროვნული ბანკი ამ მიზანს?




ფასების სტაბილურობა გულისხმობს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დაბალი და სტაბილური ინფლაციის მაჩვენებლის შენარჩუნებას. მაღალ ინფლაციას დიდი მერყეობა ახასიათებს, ამიტომ სტაბილური ინფლაციის მისაღწევად მნიშვნელოვანია ინფლაციის დაბალი დონის შენარჩუნება. ფასების სტაბილურობა აუცილებელი პირობაა რესურსების ეფექტიანად განაწილებისათვის. არაპროგნოზირებადი ფასები ამცირებს გრძელვადიანი ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობას. მაღალი ინფლაციის დროს რესურსები პროდუქტიული გამოყენების ნაცვლად ინფლაციისგან დასაზღვევი მარაგების შესაქმნელად მიემართება. ფასების სტაბილურობა ასევე მნიშვნელოვანია ფინანსური სტაბილურობის თვალსაზრისითაც. ზოგადად, დაბალი და სტაბილური ინფლაცია ხელს უწყობს გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას.

განვითარების არსებულ ეტაპზე, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი საშუალოვადიან პერიოდში, 2014 წლისათვის, 6 პროცენტს შეადგენს, 2015 წლისათვის კი - 5 პროცენტს. დროთა განმავლობაში, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად, ეროვნული ბანკი ეტაპობრივად შეამცირებს ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს 3 პროცენტამდე.

ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის მისაღწევად ეროვნული ბანკი შესაბამის მონეტარულ პოლიტიკას ახორციელებს. 2009 წლიდან ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის რეჟიმი არის ინფლაციის თარგეთირება, რომლის  დროსაც ეროვნული ბანკი საპროცენტო განაკვეთების მართვით ზემოქმედებს ინფლაციაზე. კერძოდ, მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთის ცვლილება გადაეცემა უფრო გრძელვადიან საპროცენტო განაკვეთებს და შემდეგ სესხებზე საპროცენტო განაკვეთებს. სესხებზე საპროცენტო განაკვეთების ცვლილება ზემოქმედებს ქვეყანაში ერთობლივ მოთხოვნაზე, რაც საბოლოო ჯამში გავლენას ახდენს ფასების დონეზე.

იმ შემთხვევაში თუ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი მეტია მიზნობრივ დონეზე, ეროვნული ბანკი გაამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთის აწევით, რაც გარკვეული პერიოდის მერე გადაეცემა სესხებზე საპროცენტო განაკვეთს და ზღუდავს  ერთობლივ მოთხოვნას, რათა ფასების ზრდის ტემპი დაუბრუნდეს სასურველ დონეს. საპირისპირო შემთხვევაში, როდესაც ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი მიზნობრივ დონეზე დაბალია, ეროვნული ბანკი შეამცირებს მოკლევადიან საპროცენტო განაკვეთს, რაც გარკვეული პერიოდის მერე გადაეცემა სესხებზე საპროცენტო განაკვეთებს. შედეგად ერთობლივი მოთხოვნა გაიზრდება და ხელს შეუწყობს ინფლაციის მაჩვენებლის მიზნობრივ დონემდე დაბრუნებას.

No comments:

Post a Comment